Monday, 18 November 2013

ექსპედიცია პირიქითა ხევსურეთში




ფოტო სურათების ავტორები არიან: ლადო  ბაშარული, პაატა შეთეკაური, გიორგი ბუჯიაშვილი, დათო ჩიტაია, ვახო ჯავახიშვილი, ნათია გიორგიძე, ნათია მჟავანაძე, მარი მელექსიშვილი, ნატო გელაშვილი.


შატილი


ჩემს მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა იმ ერთმა კვირამ, რომელიც თანატოლებთან ერთად ხევსურეთში გავატარე. ეს გახლდათ კლუბ ”ბაბუინების” მიერ მოწყობილი სტუდენტური ეხსპედიცია, რომლის მიზანი იყო გავცნობოდით ხევსურეთის კულტურულ-ეთნოგრაფიულ ძეგლებს, მის ისტორიას და თანამედროვე ვითარების პრობლემურ ასპექტებს. ყოველდღე ხორციელდებოდა გასვლები პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ ადგილებში, მოვინახულეთ: შატილი, მუცო, გიორწმინდის ციხე, ანატორი, არდოტი და სხვა ღირსშესანიშნაობები, ვატარებდით შემოქმედებით საღამოებს, შემეცნებით-ინტელექტუალურ თამაშებს, რაც დაგვეხმარა ერთმანეთთანდაახლოვებასა და დროის შინაარსიანად გატარებაში. ექსპედიციის წევრებმა ხევსურეთში გატარებულ დღეებს ”ოქროს ერთი კვირა” დავარქვით.შთაბეჭდილებები, ალბათ, კიდევ დიდხანს არ გაგვინელდება. განა შეიძლება დაგავიწყდეს ზღვის დონიდან 1400 მეტრზე კლდეზე შეფენილი შატილი, რომელსაც გარესამყაროსთან არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო ბილიკი აკავშირებს. შატილი შუასაუკუნებით თარიღდაბა, თუმცა, ჩვენ შატილში მდებარე უფრო ძველი ძეგლები _ ქაჩუს ციხე და სამძივანთ გორიც მოვინახულეთ, რომლის ნანგრევებში არქეოლოგებმა ბრინჯაოს ხანის სამკაულები აღმოაჩინეს, ქაჩუს ციხეს კი სავარაუდოდ ადრეფეოდალურ ხანას მიაკუთვნებენ, შატილში დღესაც არის შემორჩენილი ერთსართულიანი ნაგებობა _ საფიხვნო, რომელიც მამაკაცთა საკრებულო ადგილად ითვლება. ამჟამად შატილში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
          განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე მუცომ _ ხევსურულმა ლეგანდამ, რომელსაც სხვაგვარად არწივების საბუდარსაც ეძახიან და ყინულის ნაჟურს. ”მუცოზე მოყოლა და წერა არ შეიძლება, მუცო უნდა ნახო! მუცოს ნახვის შემდეგ ამაყიც ხდები და ნაღვლიანიც, მრავალთა განმაცვიფრებელი მუცო ჩვენს თვალწინ ინგრევა”…(ბაბუა ალუდაური)
          თბილისში დაბრუნებულებს, მეც და ჩემს თანატოლებსაც ერთი ოცნება გაგვიჩნდა, მივეხმაროთ შატილიონებს მუცოსა და მსგავსი ისტორიული ძეგლების აღდგენა - რესტავრაციაში, ახალგაზრდებს კი მოვუწოდებთ _ არ დაივიწყონ საქართველოს ეს შესანიშნავი მხარე, ხშირად ეწვიონ მას და შეინარჩუნონ იგი, როგორც ”ნაშთი ძველი დიდებისა” და სიამაყე ჩვენი მომავლისა.

ნატო გელაშვოლი

1-7 ოქტომბერი, 2003 წელი

მუცო - ხევსურული ლეგენდა

მუცო, იგივე მიცუ მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, მუცო-არდოტის ხეობაში, მდინარე ანდაქისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. არავინ იცის და არც არავის ახსოვს, როგორ გაჩნდა ეს სოფელი ხევსურეთში. ის ისეთ მიუდგომელ, კლდოვან მთაზეა განლაგებული, შორიდან ფრიალო კლდეზე შეზრდილი ეგონება ადამიანს. ერთ დროს მუცო დიდი და მჭიდროდ დასახლებული სოფელი ყოფილა, ფიქალის სახლებით ქვებს ერთმანეთზე აწყობდნენ ისე, რომ მათ შორის მზის სხივიც არ ატანდა და რაღაც სასწაულით ყოველგვარი ქვითკირის გარეშე აშენებდნენ. მუცოელნი მთავარანგელოზის ყმაბი იყვნენ. სოფელს ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი იცავდა, რომელსაც თავისი საგანძურიც ჰქონდა და დროშაც.

ხევსურები ყვებიან, მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა საიდუმლო საგანძურის ადგილსამყოფელი. საგანძურიც და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე _ `ათენგენობაზე~ გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ მედროშენი ზანზალაკეიან დროშას, მუხლს მოიყრიდნენ მის წინაშე ხატის ყმები, გამორჩეულ საკარგყმოს ლუდით სავეს `ხატის თასებს~ ჩამოურიგებდნენ და იმით მოსაგონარს სვამდნენ, ვინც სამშობლოსათვის დასდო თავი. Mერე დაწყებული ჟამიანობა და საიდუმლოს გასანდობად ღირსეული ახალგაზრდის ძიებაში საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეებმა საიდუმლო საფლავში თან წაიღეს. ასე დარჩა ლეგენდად მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა. მუცოელებს სჯერათ, რომ განძს ვერავინ იპოვის, ვიდრე მუცოს მფარველი ხატი თავად არ ამოარჩევს ღირსეულს და ძილში არ უჩვენებს მის ადგილსამყოფელს.
მუცოს მხოლოდ ორი შესასვლელი ჰქონდა: ქვემოდან მდინარის მხრიდან და ზემოდან კლდის ფერდობზე მიმავალი ვიწრო გზა. გადმოცემის მიხედვით, ქვემო მხრიდან სოფელი ქვითკირის გალავნით იყო დაცული, რომელიც შეღამებისას იკეტებოდა და მას მეციხოვნენი სდარაჯობდნენ. დაგვიანებულ მგზავს და მონადირესაც არ შეეძლო ღამით სოფელში შესვლა, თუ გალავნის იქით ისარს არ ისროდნენ და მეციხოვნეებს არ დაარწმუნებდნენ, რომ გალავანს გადმოღმა ნამდვილად მუცოელი იდგა. მუცოელებს თავისებური, გამორჩეული ისრები ჰქონდათ. სხვანაირი იყო მათი მშვილდებიც: ჯიხვის რქის ნაწილებისგან აწყობილი მოკლე და ძნელად მოსადრეკი. ასეთი მშვილდი გუდანის ჯვარში ინახებოდა და ყველაზე ღონიერ ახალგაზრდებსაც უჭირდათ მისი მოდრეკა.
რაც შეეხაბა ისრის პირებს, მუცოელებს, ძირითადად, ორი სახის ბუნიკები ჰქონდათ: ჩვეულებრივი და ორკაპა თევზისკუდივით გაშლილი. მათ დღესაც პოულობენ კლდეებში ჩარჩენილებს.
ერთი თქმულება გვიმბობს: მუცოელი მამა-შვილი სანადიროდ წასულა. დაუფრთხია მამას ნადირი და იქით გაურეკავს, სადაც შვილი იყო ჩასაფრებული თვითონ კი კლდეს მოფარებია. შვილის ნასროლი ისრები სულ მის თავზე გადადიოდა. გაბრაზებულა მამა, როგორ ააცდინაო, თურმე, შვილი ისეთი ძალით ისროდა, მოკლულ ნადირში გავლილი ისრები ისევ განაგრძობდნენ ფრენას. ამას კი  მამა ვერ მიხვდა.
როცა თოფი და ტყვია შემოვიდა, მუცოელებმა მაშინაც გამოიჩინეს თავი. მუცოსთან შორიახლოს, კლდეში დღესაც მოიპოვება გოგირდის შემცველი, თოფის წამლისათვის საჭირო ნაღვენთი, რომელსაც `ჩქას~ იფნის ხის ნახშირში ურევდნენ, ჩეჩქავდნენ, ხარშავდნენ და დენთის განსაკუთრებული ტექნოლოგიით ამზადებდნენ. დღეს ის აღარავის ახსოვს.
`თოფმა თქვა: ჩემსა წამალსა
შვიდ პირად უნდა დუღილი,
მაისის თვეში დამნაყან
მამრ ნახენ ჩემი ქუხილი~.
ტყვიის მადანი მუცოში იმდენი ყოფილა, რომ ყრიდნენ კიდეც. `სხვა თემწყლის~ კაცს ტყვიის დამზადება თუ უნდოდა, ფასი უნდა გადაეხადა. ერთი საჟენი (10-10 მეტრი) მიწის ფართობის თხრის უფლება ერთი ცხვარი ღირდა და ამ ფართობზე რამდენ ტყვიასაც მოიპოვებდა, სულ მისი იყო. ტყვია-წამალი ჯიხვებზეც იცვლებოდა.
ხევსურეთში ხორბლის განსაკუთრებული ჯიში დიკა ითესებოდა, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს. დიკა იმით იყო განსაკუთრებული, რომ ხევსურეთის მკაცრ ჰავას ეგუებოდა. ყანები მუცოს თავზე იყო. იქიდან სოფლამდე სიპი ქვით დაფარული საურმე გზა ჩადიოდა თურმე, ხოლო, თუ ამ გზაზე დაცვენილ ხორბალში მარხილის ქვედა მხარე ჩაიმალებოდა, მუცოელები ამბობდნენ: `წელს მუცო ხორბლით გაკეთდავ~.
მუცოში შეთეკაურების გვარი ცხოვრობს. გადმოცემის მიხედვით, `შეთეკაურნი მუცოს ამათხრილნიაო~, ანუ მუცო და შეთეკაურის გვარი ერთად მოდიანო.
მუცოს ზედა ნაწილში დღემდეა შემორჩენილი ოდნავ გვერდზე გადახრილი და კუთხეჩამონგრეული შეთეკაურთ (ჩოლოხათ) ციხე, რომელიც თავიდანვე გადახრილი აუგიათ. ამ ციხეს ერთი ლეგენდა უკავშირდება:
მუცოში ცხოვრობდა ხუთი ძმა შეთეკაურები. მათ შორის ერთი კოჭლი ყოფილა და შეიძლება, ამიტომ მას ჩოლოხას ეძახდნენ. აუშენებიათ ძმებს ციხე, მაგრამ მრუდი გამოსვლიათ. დაუბრალებიათ ჩოლოხასთვის და გაუგდიათ. წასულა ის კახეთში და იქ ერთ მემამულესთან 12 წლის განმავლობაში პატიოსნად უმსახურია. გასამრჯელოდ კი ერთი ჯორი უთხოვია მთაში აქაური მაინც არაფერი გამომადგებაო. მიუცია მემამულეს ჯორი, შემჯდარა ჩოლოხა მასზე უკუღმა და გზას გასდგომია. გაბრაზებულა მემამულე, ასე რატომ მოიქეცი, რა გაწყენინეო? არაო, უთქვამს ჩოლოხას, უბრალოდ, აქ იმდენი ვიშრომე, სანამ ეს მიწა მოსჩანს, ზურგს როგორ შევაქცევო. ძალიან მოსწონებია მემამულეს ჩოლოხას პასუხი და იმ მიწის პატარა ნაკვეთიც უჩუქებია. დარჩენილა ჩოლოხა ახმეტაში და აქედან წამოსულა ჩოლოხაშვილების გვარიც. Aრსებობს ვარაუდი, რომ ჩოლოხასგან წარმოიშვა ჩოლოყაშვილების გვარიც.
ჩოლოხას ძმებიდან ერთმა ვარდანამ დასაბამი მისცა შეთაეკაურების გვარს; მეორე თუშეთში გაიქცა; მესამეს კი ცოლ-შვილი არ ჰყოლია. მეოთხესა და მეხუთეზე არანაირი ცნობა არ მოიპოვება. მუცოში დაიაურებიც ცხოვრობდნენ. დაღესტნიდან მუცოელებს ტყვეები წამოუყვანიათ. მათ შორის ერთი ფეხმძიმე ქალი ყოფილა, სახელად - დაია. მისგან შობილი ვაჟისთვის დაიაური დაურქმევიათ. სავარაუდოდ, ეს XVll-XVlll საუკუნეში უნდა მომხდარიყო, რადგან დაიაურების სახელები (ქვითკირები) და ციხე გაცილებით ახალია, ვიდრე შეთეკაურისა. აკლდამებიც ცოტაა.
P.S. მუცომ თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე. ორი საუკუნეა, ის, პრაქტიკულად, დაცლილია მაცხოვრებლებისგან. დღეს ამ ციხის რომანტიკული ნაშთები კათასტროფის პირასაა. მუცო კიდავ რამდენიმე ზამთარს თუ გაუძლებს.
`თი-ბი-სი~ ბანკმა და კომპანია `არსმა~ საკონსულტაციო ჯგუფ `ჯეპრასთან~ ერთად უკვე დაიწყეს ამ უნიკალური კომპექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა მუცო ხევსურეთის ლეგენდა არასდროს გადაიქცეს მითად

ექსპედიცია ფოკაში



“საქართველო არის ესე”

”ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა
და, როდესაც ბარში ვარდნი ჰვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...”
ანა კალანდაძე

          ჯავახეთი . . .  საქართველოს სამხრეთი კარიბჭე . . . უძველესი ქართული მიწა . . . ოდესღაც იშვიათი ვაჟკაცობით გამორჩეულ ქართველთა საცხოვრისი . . . პირველ ქრისტიანთა საყუდელი, მიმოფენილი ადრექრისტიანული ხანის ქართული ტაძრებით და ქვაჯვრებით. დღეს ქართველთაგან თითქმის დაცლილი, გუმბათ მორღვეული სალოცავებითა და პატრონს მონატრებული მიტოვებული ნასახლარებით . . . შველას ითხოვს ჯავახეთი . . . ქართველებს ელის ჯავახეთი . . . უხმოდ რეკენ განგაშის  ზარები დადუმებულ სამრეკლოებზე . . . ქართული წირვა – ლოცვა ენატრებათ ხავსმოკიდებულ სალოცავად ჩამოშლილ ლოდებს მკაცრად, რომ გვაფრთხილებენ: „საქართველო არის ესე!“, „ საქართველო არის ესე!“, „ საქართველო არის ესე!“ ჩვენ ამ საქართველოს გზას 9 სექტემბერს და ერთი კვირის მანძილზე შეძლებისდაგვარად მოვეფერეთ და მოვესიყვარულეთ წინაპართა სისხლით გაჟღენთილ, უძველეს და განსაკუთრებული მადლით მოსილ ჯავახეთის მიწას.

პირველი ნაბიჯები 

        1987 წელს სამცხე-ჯავახეთში იმოგზაურა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II. ამ მოგზაურობამ სათავე დაუდო ჯავახეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა აღდგენას. იმხანად პატრიარქის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ფოკის წმ. ნინოს სახელობის ქართულმა ეკლესიამ, რომელსაც გუმბათი მთლიანად მორღვეული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ფოკაში არც მაშინ და არც დღეს ერთი ქართული ოჯახიც კი არ ცხოვრობს. პატრიარქი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ათ წელიწადში აქ სამონაზვნო ცხოვრება აღდგებოდა. 1988 წელს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითა და მეფე დანიელისა და მეუფე ნიკოლოზის ძალისხმევით, ფარავნის ტბის ნაპირას საფუძველი ჩაეყარა მამათა მონასტრის მშენებლობას. 1992 წელს ფოკაში ჩამოვიდნენ დედები და წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მახლობლად გამართეს მაცხოვრის შობის სახელობის მიწისქვეშა სალოცავი. ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა ამ მოვლენებს არც თუ დიდი სიხარულით შეხვდა. უმკაცრეს კლიმატურ პირობებში, თითქმის შიშველი ხელებით სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, ქვეყანა|ში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მართლაც რომ გმირობის ტოლფასი იყო. მაშინ ეს ამბავი მთელ საქართველოში გავრცელდა. ჩვენი უნუვერსიტეტი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მათ შორის, ვინც ამ მოვლენას გამოეხმაურა. 1998 წელს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ეწვია სოფელ ფოკას, მოინახულა დედათა და მამათა მონასტრები  და წმ. ნინოს  სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მონასტრის სარგებლობისათვის შეიძინა საცხოვრებელი სახლი.

       ფოკაში პირველი ვიზიტის შემდგომ უნივერსიტეტში საგანგებოდ გაიმართა მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის საქველმოქმედო კონცერტი, რომლის შემოსავალი წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის აღდგენის ფონდში გადაირიცხა. წლეულს აგვისტოში უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ვახტანგ სართანიამ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად კვლავ მოინახულა სოფელი ფოკა. სწორედ ამ დროს დაიგეგმა მორიგი ექსპედიციის მოწყობა წმინდა მიწაზე.

მეორე ექსპედიცია ფოკაში

       5 სექტემბერს ექსპედიციის ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ქართული ენის კათედრის გამგე თემურ ფუტკარაძე, გაზეთ თაობის ჟურნალისტი, ასპირანტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქორჩილავა, ქრისტიანული კულტურის ისტორიის კათედრის ლაბორანტი ნინო ხუხუნი, სტუდენტური კავშირის თავჯდომარე ნოე სულაბერიძე, ფილოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტები: კახა ოღაძე და მეგი რევაზიშვილი; ფილოლოგიის ფაკულტეტის  V კურსის სტუდენტები: სოფიო ქრისტესაშვილი, ივლიტა ლობჟანიძე, შორენა ხაჩიძე, ნატო ვაშაკიძე, ინგა |ძიძიგური, თეა ჩუბინიძე, ისტორიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტები: ლევან ბესელია და თათია ოდიშელიძე, ისტორიის ფაკულტეტის V კურსის სტუდენტი ზვიად წოწორია, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი თაკო ცერცვაძე, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი ნატო გელაშვილი და ამავე ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი კახა მაღრაძე, შეხვდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. პატრიარქი ესაუბრა ახალგაზრდებს ამ ექსპედიციის მნიშვნელობასა და ჯავახეთის ისტორიაზე, დადებითი შეფასება მისცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას მსგავსი ექსპედიციების მომავალშიც მოწყობის შესახებ. დალოცა ექსპედიციის მონაწილენი და ახალი აღთქმის გამოცემები უსახსოვრა მათ. უნივერსიტეტის რექტორს კი საჩუქრად გადასცა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ამიაერიდან სასწავლებელში დაბრძანდება.

       9 სექტემბერს დილის 9 საათზე ექსპედიციის მონაწილეები უნივერსიტეტის ეზოდან გააცილეს: რექტორმა პროფესორმა ვახტანგ სართანიამ, პრორექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. წინ მრავალ საათიანი, საინტერესო, მოციქულთა სწორის  - ნინოს მიერ განვლილი ისტორიული გზა და წინაპართა სისხლის ფასად შენარჩუნებული ჯავახეთის მიწა გველოდა.

მცირე ისტორიული ექსკურსი

       წერილობით წყაროებში ჯავახეთი პირველად ძველი წელთაღრიცხვის 785 წელს მოიხსენიება. ურარტუს მეფე არგიშთ I- ის წარწერაში დაპყობილ მხარეთა შორის დასახელებულია ზაბახა, რომელიც დაახლოებით იქვე იგულისხმება, სადაც ფეოდალური ხანის ჯავახეთი და კოლა-არტაანი. VIII საუკუნეში ჯავახეთი არაბთა ბატონობას დაემორჩილა. XVI საუკუნის ბოლოს მთელი სამცხე-საათბაგო ოსმალებმა დაიპყრეს. 1829 წელს, ადრიანოპოლის ზავის პირობით, რუსეთმა ოსმალეთს სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ჯავახეთიც წაართვა. სწორედ ამ დროს მოხდა ჯავახეთიდან და სამცხიდან მაჰმადიანი მესხების გადასახლებმა ოსმალეთში და მათ მაგივრად არზრუმის მხრიდან სომხების გადმოსახლება.

       ჯავახეთი თავიდანვე იმ გასაყართან აღმო|ჩნდა, საიდანაც ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში. ჯერ წმ. ნინომ ფარავნიდან სამცხემდე გადასერა იგი ფეხით. შემდეგ კი, მირიან მეფის თხოვნით, რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდის მოციქულებმა გადმოიარეს ეს მხარე. ლეონტი მროველის ცნობით, სწორედ მათ დაუწყიათ მშენებლობა წუნდის ეკლესიისა, სადაც ვახტანგ გორგასალმა დასვა ჯავახეთის ეპისკოპოსი.

       ჯავახეთშია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარავნის ტბა, რომლის ნაპირზეც მდებარეობს ისტორიული მნიშვნელობის ცნობილი სოფელი ფოკა, სადაც დღეს საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაა და მოქმედი დედათა და მამათა მონასტრებია. სახელწოდება პირველად ნახსენებია ახალი წ-აღ-ის IV ს-ში კასტორიუსის რუკაზე, სადაც არტაშატ-სებასტოპოლისის გზა შემოდის ჯავახეთში მოადგება ფოკას, შემდეგ აბულს და ა.შ. შესაძლოა, ამავე ადგილს უნდა გულისხმობდეს წმ. ნინოს მონათხრობში ფარავნის ტბაზე ნათქვამი: “დავიძინე გარდასადინელსა მის ტბისასა”. აქ ძილში მას ჩვენებით გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც უბრძანა ქართლის მეფის-მირიანის მოქცევა. საინტერესოა, რომ ვახუშტის რუკაზე ფარავნის ტბის დასაწყისში მარცხნივ აღნიშნულია სოფელი გასადანი, ხოლო მარჯვნივ ფოკა. XI საუკუნის 40-იან წლებში მატიანე ქართლისა. ფოკას მრავლობით რიცხვში იხსენიებს: “ლიპარიტ შეკრიბნა კახნი და მოადგა ფოკათა” . . . ე.ი. ფოკანი ორი სოფელი ყოფილა, რომელთაც ისევე როგორც დღეს ხიდი აერთიანებდა.

       სოფლის ცენტრში, მჭიდრო განაშენიანების შუა გულში აღმართულია წმ. ნინოს სახელობის ტაძარი. წარწერებიდან ვგებულობთ, რომ ტაძარი 1030-40-იან წლებში ბაგრატ IV-ის დროს აუგია ქართლის კათალიკოს იოანე ოქროპირს, ხუროთმოძღვარი კი მიქელ “ქართლის ბანაქასალარი”, სავარაუდოდ, ქართლის ხუროთმოძღვართუხუცესი ყოფილა.

       XVI საუკუნის ბოლოს სოფელი ფოკა უკვე დაცლილია მოსახლეობისგან. ჩანს დროთა განმავლობაში მრავლობითის აღმნიშვნელი “ნი” სახელს ჩამოშორდა და დარჩა “ფოკა.”

ფოკაში 

       საღამოს 7 საათია . . . ფოკას რამდენიმე ასეული მეტრიღა გვაშორებს . . . უღელტეღილზე სეტყვაა . . . ნელნელა დაბლა ვეშვებით, თუმცა ზღვის დონიდან 2100 მეტრზე ვიმყოფებით . . . აი, ფარავნის ტბაც გამოჩნდა . . . ტყვიისფერი გადაჰკრავს წყალს, წვიმის ღრუბლებში გახვეულა ნინოს ჯვარი და მამთა მონასტერი . . . სოფელში შევდივართ . . . ადგილობრივი მოსხლეობა გაკვირვებული უმზერს ჩვენს მიკროავტობუს, ალბათ, იმიტომ, რომ დიდი ხანია აქ ტრანსპორტი აღარ დადის და სტუმარიც იშვიათი ხილია . . . დედები გვეგებებიან წმ. ნინოს მონასტრის ეზოში . . . დედა ელისაბედის მითითებით ქალებს და მამაკაცებს ცალ-ცალკე საცხოვრისში გვანაწილებენ, ამ წუთიდან იწყება ჩვენთვის უჩვეულო და იდუმალი სამონასტრო ცხოვრება, რომლის წესებს ვალდებული ვართ დავემორჩილოთ და პატივი მივაგოთ.

       ბინდდება . . . ცა თითქოს დაბლა იწევს . . . ცოტაც და ხელით შეეხები . . . კვერცხლისგულისფერ საბანს ისწორებს ჩამავალი მზე, აბულს ეფარება და გვემშვიდობება. . .

        მგზავრობით დაღლილებს სულაც არ გვიჭირს მეორე დილით ადრე ადგომა . . . ბიჭები წყალს ეზიდებიან წყაროდან . . . გოგონებმა უკვე სატრაპეზოში მორიგეობის განრიგიც შეადგინეს და დაუზარებლად ეხმარებიან დედებს . . . დილის ტრაპეზს 10 საათზე მივირთმევთ . . . შემდეგ იწყება ”მორჩილების” საათები, ყველა თავის დავალებას ასრულებს: გოგოები ეხმარებიან დედებს ზამთრის საკვები მარაგის მომზადებაში, არც კარტოფილისა და ხახვის ამოღება უჭირთ. ბიჭები სათიბად წავიდნენ. ბატონი თემურ ფუტკარაძე ტოლს არ უდებს ახალგაზრდებს – ხან შეშას ჩეხავს, ხან თივის ზვინებს დგამს, ხანაც წყლის მილებს ფუთავს ზამთრისათვის საგულდაგულოდ. პედაგოგის შემართება კიდევ უფრო ახალისებს სტუდენტებს. შუადღის 4 საათზე მეორე ტრაპეზია . . . სულ სხვა გემო აქვს უფლის ლოცვით გაჯერებულ ლუკმას, მითუმეტეს თუ მუშაობით ხარ დაღლილი. მონასტერში ორჯერ ტრაპეზობენ, მაგრამ ჩვენთვის ვახშამსაც მართავენ. საღომოს საათები თავისუფალი გვაქვს, შეგვიძლია ეს დრო ჩვენი სურვილისამებრ გამოვიყენოთ, 6 საათზე მიწისქვეშა ტაძარში საღამოს ლოცვას ვესწრებით, სადაც ნამდვილად გააცნობიერებ რას ნიშნავს ქრისტიანობა და რას გავალებს ქრისტიანული ცხოვრების წესი. ხანდახან პოეზიის საღამოებსაც ვმართავთ, რა თქმა უნდა, ამ საჩუქარს ახალგაზრდებს ქალბატონი ცირა ბარბაქაძე უმზადებს. სტუდენტთა ლიდერი ნოე სულაბერიძე გასვლით ღონისძიებებს აწყობს სოფელ საღამოში, სადაც მოვინახულეთ IX-XI საუკუნეების სამი ქართული ეკლესია და ულამაზესი საღამოს ტბა. თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი აბულის მთაზე გვინდა ავიდეთ. იქ წინარექრისტიანული ხანის ნანგრევებია შემორჩენილი. ვესტუმრეთ მამათა მონასტერს ფარავნის ტბაზე, იგი, სავარაუდოდ, იმ ადგილზეა აშენებული, სადაც წმ. ნინომ დაადგა ფეხი, აქვეა აღმართული ნინოს ჯვარი, რომელიც მთავარი გზიდანაც კარგად მოჩანს.

       14 სექტემბერს შემოუერთდნენ: რექტორი პროფესორი ვახტანგ სართნია მეუღლითურთ და პრორექტორები, პროფესორები: მაია თევზაძე და დანიელ ჯიბლაძე. საჩუქრებით ხელდამშვენებული ეწვია უნივეერსიტეტის ხელმძღვანელი დედათა მონასტერს და სტუდენტებს. ბატონმა ვახტანგმა თავი არ დაზოგა შრომაში და როგორც თავად ბრძანა – სიმბოლურად შეშის დაპობაშიც მოგვეხმარა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად მამათა მონასტრიდან საგანგებოდ მობრძანდა მამა ანტონი.

       თანდათან დასასრულს მიუახლოვდა ჯავახეთში ჩვენი ექსპედიცია. კვირა საღამოს “საზეიმო ვითარებაში” გაიხსნა “წერილების ყუთი”, სადაც თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარი შთაბეჭდილება სიყვარულის სავსე ბარათებად აკინძა. განსაკუთრებული იყო ამ ბარათებში ერთი პატარა მწვანე ფურცელი, რომელზეც ჯვრის გამოსახულების ქვეშ ლამაზი ასოებით ეწერა: “ყველანი ძალიან მიყვარხართ!” იგი დედა ვასილისას ეკუთვნოდა, ახალგაზრდა მონაზონს საოცრად ცოცხალი, მეტყველი თვალებით. ჩვენ ერთი კვირა მის გამომცხვარ პურს მივირთმევდით.

       წამოსვლის წინ ნათიამ მოგვიკაკუნა ფანჯარაზე და უხმოდ მოგვაწოდა საგულდაგულოდ დაკეცილი ბარათი. ნათია 15 წლის ქერა ცისფერთვალება გოგონაა, რომელიც დედა ელისაბედის მზრუნველობის ქვეშ პატარაობიდან მონასტერში იზრდება. არ შეგვიძლია არ გაგაცნოთ მისი წერილის შინაარსი (სტილი დაცულია): ”ცირა დეიდა, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და რომ წახვალთ ძალიან მომენატრებით თქვენც და საერთოდ ყველა. განსაკუთრებით თაკო და მეგი და ნინო და გული მწყდება, რომ მიდიხართ, მაგრამ იმედია, კვლავ შევხვდებით როდესმე ერთმანეთს ყველანი ვინც აქ ხართ. თქვენი ინსტიტუტიც ძალიან მიყვარს –- ”პუშკინი”. როგორ მითხრა ბატონმა ვახტანგმა ინსტიტუტში გვეწვიეო? მე გამიხარდა. ალბათ, ჩამოვალ და მოვალ თქვენთან ინსტიტუტში. მოკლედ ყველა მიყვარხართ, ნახვამდის. მაპატიეთ ბატიფეხური ნაწერისათვის, გკოცნით ყველას, კეთილი სურვილებით და იმედებით თქვენი ნათია საგინაშვილი”.

        დამშვიდობებისას ნათია საკმაო მანძილზე გამოყვა ჩვენს მიკრო ავტობუსს, მაგრამ თავ ჩაღუნული, ცრემლიან თვალებს გვიმალავდა.

     განსაკუთრებულია ფოკის სამონასტრო ცხოვრების აღდგენაში დედა ელისაბედის როლი, იგი ერთადერთი იღუმენიაა საქართველოში, რომელიც პატრიარქმა სრულიად ახალგაზრდა ასაკში მეორე ჯვრით დააჯილდოვა. როგორც დედა შუშანიკი იხსენებს: “თავიდან ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არ გვქონდა, ამას ემატებოდა უმძიმესი კლიმატი და ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენდამი ეჭვნარევი დამოკიდებულება, მაგრამ ყველაფერი, ღვთის ნებით, კეთილად მოგვარდა”. მალე მონასტერთან სამრევლო სკოლა გაიხსნება, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთა შვილებს დედები მათთვის საინტერესო საგნებს ასწავლიან.

       წერილის დასასრულს არ შეგვიძლია, ფოკაში მოღვაწე სასულიერო პირთა გარდა, ორიოდე სიტყვით არ მოვიხსენიოთ იმ ადამიანთა ღვაწლიც, რომლებიც, უმძიმესი საცხოვრებელი თუ კლიმატური პირობების მიუხედავად, უჩუმრად და დიდი რუდუნებით ემსახურებიან ჯავახეთში ქართულ საქმეს. ესენი გახლავთ: წმ.ნინოს სახელობის ეკლესიის აღდგენაზე მომუშავე კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ფონდის თანამშრომლები: ავთანდილ ლაკლაკიშვილი, დიმიტრი შაორშაძე, ვაჟა კურტანიძე და ძმები: დათო და ზურა ამყოლაძეები. აღსანიშნავია ისიც, რომ ძეგლის აღდგენის ხარჯებს იღებს ცნობილი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე . . . 13 წელია ჯავახეთში მოღვაწეობს ქართლი ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ჩვენი უნივერსიტეტის კურს დამთავრებული ქალბატონი კლარა ფოცხვერაშვილი. თავის დროზე მისი უშვალო მონაწილეობით გაიხსნა ქართული სკოლები ჯავახეთის სოფლებში: გოროლოვკა, ეფრემოვკა, სამება, სპასოვკა, ნინოწმინდა. მადლიერებით იხსენიებს ქალბატონი კლარა საზღვაო ჯარების სარდალს ბატონ ვალერი ჩხეიძეს, რომელმაც ამ სკოლებს სპეციალისტები თავისი სამსახურიდანაც მიაშველა. V წელია კლარა ფოცხვერაშვილი ფოკის სომხურ სკოლაში ქართულს ასწავლის. დღესაც სიყვარულით იხსენიებს მშობლიურ უნივერსიტეტს და, განსაკუთრებით, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ჭოლა თევზაძეს, რომელსაც ყველაზე მეტად უმადლის თავის პროფესიულ დაოსტატებას.

         დადგა განშორების დღეც . . . ჯავახეთის თბილმა მზემ მოგვაცილა თბილისამდე, უნივერსიტეტში ისევე თბილად მიგვიღეს, როგორც გაგვაცილეს. უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ვახტანგ სართანია საოცარ შეფასებას აძლევს ჩვენს ექსპედიციას ჯავახეთში: ”ეს არის ძალზედ პატრიოტული საქმე, ჩვენ ვალდებულნი ვართ მოვუაროთ თითოეულ მტკაველ მიწას, ძველ ძეგლებს. ქართველი კაცი უნდა დამკვიდრდეს თავის კუთვნილ მიწაზე და მართმადიდებლობა დაიცვას თავის მამულში. თქვენი ვიზიტი შედეგს მაშინ გამოიღებს, თუ თანატოლებს გააცნობთ ამ კუთხის ისტორიას და იქ არსებულ ამჟამინდელ ვითარებას”. თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ ახალგაზრდები: უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავჯდომარე ნოე სულაბერიძე: “ეს ექსპედიცია მნიშვნელოვანი გახლავთ იმით, რომ თითოეულ ჩვენგანს მიეცა საშუალება საკუთარი თვალით ენახა საქართველოს ერთერთი უძველესი და ულამაზესი კუთხე – ჯავახეთი, გაცნობოდა მის პირობებს, ერთი კვირის მანძილზე ეცხოვრა მეტად საინტერესო სამონასტრო ცხოვრებით. გამოგიტყდებით, რომ ეს ყველაფერი უცნობი იყო. ბევრ რამეზე დაგვაფიქრა ფოკაში გატარებულმა შვიდმა დღემ. დაგვრჩა სასიამოვნო მოგონებები. თითოეულ ჩვენგანს აქვს სურვილი ამ მიწაზე კვლავ დაბრუნების და იმედი მაქვს, მსგავს ექაპედიციებს სისტემატიური ხასიათი მიეცემა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაზეთის საშვალებით მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ვახტანგ სართანიას და პოლიტიკური გაერთიანება ”ახლების” ხელმძღვანელობას იმ ფინანსური დახმარებისათვის, რამაც განაპირობაამ ექსპედიციის რეალურად განხორციელება”. ფილოლოგიის ფაკულტეტის V კურსის სტუდენტი ივლიტა ლობჟანიძე: ”ჩვენთვის დაუვიწყარია ჯავახეთში გატარებული ერთი კვირა, მოვიარეთ წმინდა ადგილები, სადაც ფეხი დაადგა ჩვენმა განმანათლებელმა – მოციქულთა სწორმა ნინომ, მოვეფერეთ მიწას, სადაც ჩვენს წინაპარს სისხლისა და ოფლის ფასად დიდებული ტაძრები აუგია. ჩვენი ვალია დავიწყებას არ მიეცეს წინაპართა ღვაწლი, გამოვაცოცხლოთ დახავსებული ლოდები, ქვა ქვაზე დავდოთ, ზარი შემოვკრათ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს არაჩვეულებრივი, საინტერესო და სიყვარულით სავსე დღეები მაჩუქა”.

       თბილისში ახლა შემოდგომის პირია . . . ფოკაში კი საცაა ზამთარი დადგება . . . მალე ფარავანიც გაიყინება . . . მაგრამ მზე, ალბათ, მაინც კვერცხისგულისფრად ჩაუგორდება აბულს უბეში . . . მას ხომ მონატრებულ ქართველთა სიყვარულმა წაჰკიდა ცეცხლი . . . ალბათ, მალე შემოჰკრავს წმ. ნინოს ტაძარში დედოზარი ამაყად ”საქართველო არის ესე!”, ”საქართველო არის ესე!”, ”საქართველო არის ესე!”.

გაზეთ ”თაობის” ჟურნალისტი.
ნინო ქორჩილავა. 2002 წ.
თბილისი-ფოკა-თბილისი
9-16 სექტემბერი,2002 წელი.

თეატრალური სტუდია "ნიღბები"

157–ე საჯარო სკოლაში 23 და 25 დეკემბერს ჩატარდა ღონისძიება თეატრალური სტუდიის "ნიღბების" სპექტაკლი "ჭკუისა მჩირს", "შექსპირის სონეტები" და "პანტონიმა", რომლის დროსაც კომპიუტერით პროექტორის მეშვეობით ვაჩვენე ვიდეო მასალა რამაზ ჩხიკვაძიეზე.

სასწავლო წლის დაწყება



              2013 წლის 16 სექტემბერს ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ხალისით დაიწყო, ჩავიბარე 1 დ კლასი, სკოლის ადმიანისტრაციამ მოკრძალებული საზეიმო დახვედრა მოუწყო პატარებს, აღიმართა საქართველოს დროშა, გაისმა საქართველოს ჰიმნი, შესრულდა ფანდურზე სიმღერები, პატარებმა წარმოთქვეს ლექსები, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები, დაირეკა პირველი ზარიც და პატარები მისხდენენ მერხებს, გადავეცით ბუკები, ახალი სახელმძღვანელოები, გავიცანით ერთმანეთი, მივიღე უამრავი ყვავილები, რისთვისაც მადლობას ვუხდი მშობლებს და ჩემს მოწაფეებს.

Monday, 19 March 2012

დედის დღე

157–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა 5 მეორე კლასში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მოსწავლეებმა შეასრულეს მხატვრულად ლექები, სიმღერები, ნაჩვენები იქნა ვიდეო მასალა და სლაიდ შოუ გამოჩენილი ქართველი ქალების ფოტოები.
ღონისძიების ხელმძრანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნათია კაპანაძე, მუსიკის პედაგოგი ელისო მექვაბიშვილი, ისტ–ის პედაგოგი ნატო გელაშვილი.