Monday, 18 November 2013

ექსპედიცია პირიქითა ხევსურეთში




ფოტო სურათების ავტორები არიან: ლადო  ბაშარული, პაატა შეთეკაური, გიორგი ბუჯიაშვილი, დათო ჩიტაია, ვახო ჯავახიშვილი, ნათია გიორგიძე, ნათია მჟავანაძე, მარი მელექსიშვილი, ნატო გელაშვილი.


შატილი


ჩემს მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა იმ ერთმა კვირამ, რომელიც თანატოლებთან ერთად ხევსურეთში გავატარე. ეს გახლდათ კლუბ ”ბაბუინების” მიერ მოწყობილი სტუდენტური ეხსპედიცია, რომლის მიზანი იყო გავცნობოდით ხევსურეთის კულტურულ-ეთნოგრაფიულ ძეგლებს, მის ისტორიას და თანამედროვე ვითარების პრობლემურ ასპექტებს. ყოველდღე ხორციელდებოდა გასვლები პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ ადგილებში, მოვინახულეთ: შატილი, მუცო, გიორწმინდის ციხე, ანატორი, არდოტი და სხვა ღირსშესანიშნაობები, ვატარებდით შემოქმედებით საღამოებს, შემეცნებით-ინტელექტუალურ თამაშებს, რაც დაგვეხმარა ერთმანეთთანდაახლოვებასა და დროის შინაარსიანად გატარებაში. ექსპედიციის წევრებმა ხევსურეთში გატარებულ დღეებს ”ოქროს ერთი კვირა” დავარქვით.შთაბეჭდილებები, ალბათ, კიდევ დიდხანს არ გაგვინელდება. განა შეიძლება დაგავიწყდეს ზღვის დონიდან 1400 მეტრზე კლდეზე შეფენილი შატილი, რომელსაც გარესამყაროსთან არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო ბილიკი აკავშირებს. შატილი შუასაუკუნებით თარიღდაბა, თუმცა, ჩვენ შატილში მდებარე უფრო ძველი ძეგლები _ ქაჩუს ციხე და სამძივანთ გორიც მოვინახულეთ, რომლის ნანგრევებში არქეოლოგებმა ბრინჯაოს ხანის სამკაულები აღმოაჩინეს, ქაჩუს ციხეს კი სავარაუდოდ ადრეფეოდალურ ხანას მიაკუთვნებენ, შატილში დღესაც არის შემორჩენილი ერთსართულიანი ნაგებობა _ საფიხვნო, რომელიც მამაკაცთა საკრებულო ადგილად ითვლება. ამჟამად შატილში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
          განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე მუცომ _ ხევსურულმა ლეგანდამ, რომელსაც სხვაგვარად არწივების საბუდარსაც ეძახიან და ყინულის ნაჟურს. ”მუცოზე მოყოლა და წერა არ შეიძლება, მუცო უნდა ნახო! მუცოს ნახვის შემდეგ ამაყიც ხდები და ნაღვლიანიც, მრავალთა განმაცვიფრებელი მუცო ჩვენს თვალწინ ინგრევა”…(ბაბუა ალუდაური)
          თბილისში დაბრუნებულებს, მეც და ჩემს თანატოლებსაც ერთი ოცნება გაგვიჩნდა, მივეხმაროთ შატილიონებს მუცოსა და მსგავსი ისტორიული ძეგლების აღდგენა - რესტავრაციაში, ახალგაზრდებს კი მოვუწოდებთ _ არ დაივიწყონ საქართველოს ეს შესანიშნავი მხარე, ხშირად ეწვიონ მას და შეინარჩუნონ იგი, როგორც ”ნაშთი ძველი დიდებისა” და სიამაყე ჩვენი მომავლისა.

ნატო გელაშვოლი

1-7 ოქტომბერი, 2003 წელი

მუცო - ხევსურული ლეგენდა

მუცო, იგივე მიცუ მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, მუცო-არდოტის ხეობაში, მდინარე ანდაქისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. არავინ იცის და არც არავის ახსოვს, როგორ გაჩნდა ეს სოფელი ხევსურეთში. ის ისეთ მიუდგომელ, კლდოვან მთაზეა განლაგებული, შორიდან ფრიალო კლდეზე შეზრდილი ეგონება ადამიანს. ერთ დროს მუცო დიდი და მჭიდროდ დასახლებული სოფელი ყოფილა, ფიქალის სახლებით ქვებს ერთმანეთზე აწყობდნენ ისე, რომ მათ შორის მზის სხივიც არ ატანდა და რაღაც სასწაულით ყოველგვარი ქვითკირის გარეშე აშენებდნენ. მუცოელნი მთავარანგელოზის ყმაბი იყვნენ. სოფელს ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი იცავდა, რომელსაც თავისი საგანძურიც ჰქონდა და დროშაც.

ხევსურები ყვებიან, მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა საიდუმლო საგანძურის ადგილსამყოფელი. საგანძურიც და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე _ `ათენგენობაზე~ გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ მედროშენი ზანზალაკეიან დროშას, მუხლს მოიყრიდნენ მის წინაშე ხატის ყმები, გამორჩეულ საკარგყმოს ლუდით სავეს `ხატის თასებს~ ჩამოურიგებდნენ და იმით მოსაგონარს სვამდნენ, ვინც სამშობლოსათვის დასდო თავი. Mერე დაწყებული ჟამიანობა და საიდუმლოს გასანდობად ღირსეული ახალგაზრდის ძიებაში საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეებმა საიდუმლო საფლავში თან წაიღეს. ასე დარჩა ლეგენდად მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა. მუცოელებს სჯერათ, რომ განძს ვერავინ იპოვის, ვიდრე მუცოს მფარველი ხატი თავად არ ამოარჩევს ღირსეულს და ძილში არ უჩვენებს მის ადგილსამყოფელს.
მუცოს მხოლოდ ორი შესასვლელი ჰქონდა: ქვემოდან მდინარის მხრიდან და ზემოდან კლდის ფერდობზე მიმავალი ვიწრო გზა. გადმოცემის მიხედვით, ქვემო მხრიდან სოფელი ქვითკირის გალავნით იყო დაცული, რომელიც შეღამებისას იკეტებოდა და მას მეციხოვნენი სდარაჯობდნენ. დაგვიანებულ მგზავს და მონადირესაც არ შეეძლო ღამით სოფელში შესვლა, თუ გალავნის იქით ისარს არ ისროდნენ და მეციხოვნეებს არ დაარწმუნებდნენ, რომ გალავანს გადმოღმა ნამდვილად მუცოელი იდგა. მუცოელებს თავისებური, გამორჩეული ისრები ჰქონდათ. სხვანაირი იყო მათი მშვილდებიც: ჯიხვის რქის ნაწილებისგან აწყობილი მოკლე და ძნელად მოსადრეკი. ასეთი მშვილდი გუდანის ჯვარში ინახებოდა და ყველაზე ღონიერ ახალგაზრდებსაც უჭირდათ მისი მოდრეკა.
რაც შეეხაბა ისრის პირებს, მუცოელებს, ძირითადად, ორი სახის ბუნიკები ჰქონდათ: ჩვეულებრივი და ორკაპა თევზისკუდივით გაშლილი. მათ დღესაც პოულობენ კლდეებში ჩარჩენილებს.
ერთი თქმულება გვიმბობს: მუცოელი მამა-შვილი სანადიროდ წასულა. დაუფრთხია მამას ნადირი და იქით გაურეკავს, სადაც შვილი იყო ჩასაფრებული თვითონ კი კლდეს მოფარებია. შვილის ნასროლი ისრები სულ მის თავზე გადადიოდა. გაბრაზებულა მამა, როგორ ააცდინაო, თურმე, შვილი ისეთი ძალით ისროდა, მოკლულ ნადირში გავლილი ისრები ისევ განაგრძობდნენ ფრენას. ამას კი  მამა ვერ მიხვდა.
როცა თოფი და ტყვია შემოვიდა, მუცოელებმა მაშინაც გამოიჩინეს თავი. მუცოსთან შორიახლოს, კლდეში დღესაც მოიპოვება გოგირდის შემცველი, თოფის წამლისათვის საჭირო ნაღვენთი, რომელსაც `ჩქას~ იფნის ხის ნახშირში ურევდნენ, ჩეჩქავდნენ, ხარშავდნენ და დენთის განსაკუთრებული ტექნოლოგიით ამზადებდნენ. დღეს ის აღარავის ახსოვს.
`თოფმა თქვა: ჩემსა წამალსა
შვიდ პირად უნდა დუღილი,
მაისის თვეში დამნაყან
მამრ ნახენ ჩემი ქუხილი~.
ტყვიის მადანი მუცოში იმდენი ყოფილა, რომ ყრიდნენ კიდეც. `სხვა თემწყლის~ კაცს ტყვიის დამზადება თუ უნდოდა, ფასი უნდა გადაეხადა. ერთი საჟენი (10-10 მეტრი) მიწის ფართობის თხრის უფლება ერთი ცხვარი ღირდა და ამ ფართობზე რამდენ ტყვიასაც მოიპოვებდა, სულ მისი იყო. ტყვია-წამალი ჯიხვებზეც იცვლებოდა.
ხევსურეთში ხორბლის განსაკუთრებული ჯიში დიკა ითესებოდა, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს. დიკა იმით იყო განსაკუთრებული, რომ ხევსურეთის მკაცრ ჰავას ეგუებოდა. ყანები მუცოს თავზე იყო. იქიდან სოფლამდე სიპი ქვით დაფარული საურმე გზა ჩადიოდა თურმე, ხოლო, თუ ამ გზაზე დაცვენილ ხორბალში მარხილის ქვედა მხარე ჩაიმალებოდა, მუცოელები ამბობდნენ: `წელს მუცო ხორბლით გაკეთდავ~.
მუცოში შეთეკაურების გვარი ცხოვრობს. გადმოცემის მიხედვით, `შეთეკაურნი მუცოს ამათხრილნიაო~, ანუ მუცო და შეთეკაურის გვარი ერთად მოდიანო.
მუცოს ზედა ნაწილში დღემდეა შემორჩენილი ოდნავ გვერდზე გადახრილი და კუთხეჩამონგრეული შეთეკაურთ (ჩოლოხათ) ციხე, რომელიც თავიდანვე გადახრილი აუგიათ. ამ ციხეს ერთი ლეგენდა უკავშირდება:
მუცოში ცხოვრობდა ხუთი ძმა შეთეკაურები. მათ შორის ერთი კოჭლი ყოფილა და შეიძლება, ამიტომ მას ჩოლოხას ეძახდნენ. აუშენებიათ ძმებს ციხე, მაგრამ მრუდი გამოსვლიათ. დაუბრალებიათ ჩოლოხასთვის და გაუგდიათ. წასულა ის კახეთში და იქ ერთ მემამულესთან 12 წლის განმავლობაში პატიოსნად უმსახურია. გასამრჯელოდ კი ერთი ჯორი უთხოვია მთაში აქაური მაინც არაფერი გამომადგებაო. მიუცია მემამულეს ჯორი, შემჯდარა ჩოლოხა მასზე უკუღმა და გზას გასდგომია. გაბრაზებულა მემამულე, ასე რატომ მოიქეცი, რა გაწყენინეო? არაო, უთქვამს ჩოლოხას, უბრალოდ, აქ იმდენი ვიშრომე, სანამ ეს მიწა მოსჩანს, ზურგს როგორ შევაქცევო. ძალიან მოსწონებია მემამულეს ჩოლოხას პასუხი და იმ მიწის პატარა ნაკვეთიც უჩუქებია. დარჩენილა ჩოლოხა ახმეტაში და აქედან წამოსულა ჩოლოხაშვილების გვარიც. Aრსებობს ვარაუდი, რომ ჩოლოხასგან წარმოიშვა ჩოლოყაშვილების გვარიც.
ჩოლოხას ძმებიდან ერთმა ვარდანამ დასაბამი მისცა შეთაეკაურების გვარს; მეორე თუშეთში გაიქცა; მესამეს კი ცოლ-შვილი არ ჰყოლია. მეოთხესა და მეხუთეზე არანაირი ცნობა არ მოიპოვება. მუცოში დაიაურებიც ცხოვრობდნენ. დაღესტნიდან მუცოელებს ტყვეები წამოუყვანიათ. მათ შორის ერთი ფეხმძიმე ქალი ყოფილა, სახელად - დაია. მისგან შობილი ვაჟისთვის დაიაური დაურქმევიათ. სავარაუდოდ, ეს XVll-XVlll საუკუნეში უნდა მომხდარიყო, რადგან დაიაურების სახელები (ქვითკირები) და ციხე გაცილებით ახალია, ვიდრე შეთეკაურისა. აკლდამებიც ცოტაა.
P.S. მუცომ თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე. ორი საუკუნეა, ის, პრაქტიკულად, დაცლილია მაცხოვრებლებისგან. დღეს ამ ციხის რომანტიკული ნაშთები კათასტროფის პირასაა. მუცო კიდავ რამდენიმე ზამთარს თუ გაუძლებს.
`თი-ბი-სი~ ბანკმა და კომპანია `არსმა~ საკონსულტაციო ჯგუფ `ჯეპრასთან~ ერთად უკვე დაიწყეს ამ უნიკალური კომპექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა მუცო ხევსურეთის ლეგენდა არასდროს გადაიქცეს მითად

No comments:

Post a Comment