”გელაშვილი”_ ეპონიმური ტიპის გვარსახელი. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე _ ”გელა” და სუფიქსაცია - ” შვილი”, გვარსახელი ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთრი სახელი, ეპონიმი - ”გელა”.
”მგელი” - მამაკაცის ქართული არა ქრისტიანული საკუთარი სახელია, ხოლო ”გელა”, ”გელიტა”, ”გელიკა”, და სხვა მისი შეკვეცილი და კანონებითი ფორმები. გვარსახელით ”მგელ-გელ” _ ფუძისანი არიან: მგელაძეები, გელაძეები,გელავები, გელოვანები, გელსაურები, მგელიაშვილები, გელიაშვილები, მგელაურიძეები, გელუაშვილები გელიტაშვილები, გელიკაშვილები, მგელაშვილები, გელაშვილები და სხვა. საუბარია მხოლოდ გვარსახელთა ფუუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლის ნათესაობაზე.
ძნელია საუბარი სისხლით ნათესაობაზე თავად გელაშვილების გვარის შიგნითაც. გელაშვილები იმდენნი არიან და იმდენგან ცხოვრობენ, რომ შეუძლებელია ყველა ისინი ერთი წინპრის, ერთი ვინმე გელას შთამომავლებად მივიჩნიოთ. საკუთარი სახელი ”მგელა”, ”გელა” ხომ ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საქართველოში და სავსებით შესაძლებელია ერთნაირი ჟღერადობის გვარსახელები დამოუკიდებლად წარმოშობილიყო სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მხარეში. ამდენად აუცილებელი არაა, მაგალითისთვის, იმერელი და მოხევე გელაშვილები ერთმანეთის ბიძაშვილებად ჩავთვალოთ, თუმცა არც ამის უარყოფა შეიძლება.
გელაშვილთა გვარსახელით გაერთიანებულ გვარმოდენილობებს შორის, იმერელი და წარმოშობით იმერელი გელაშვილები ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან. მათი ბუდე, პირველ საცხოვრისი, ზემო იმერეთში, ძირულის ხეობაში, სოფელი ნადაბური ყოფილა. გადმოცემით იმრელ გელაშვილებს მონაწილეობა მიუღიათ გელათის ტაძრის მშენებლობაში და ასევე გადმოცემით გელათის წმინდა გიორგი ყოფილა გელაშვილთა უპირველესი სალოცავი. ეს ყველაფერი მხოლოდ ზეპირი გადმოცემებია და დოკუმენტურად არ დასტურდება.
ქართული საისტორიო საბუთებში გელაშვილების გვარი 17 საუკუნიდან გვხვდება. 1628 წლის კახთა მეფე თეიმურაზ 1-ის ერთ წყალობის წიგნში, იმერეთის სოფელ ნადაბურში, წაქვში და ციცქიურში, გელაშვილთა წინაპრები მგელაშვილებად იხსენიებიან. ისინი, როგორც ყმა გლეხები, მეფემ ერთ-ერთ ფეოდალს, ვინმე ”ბატონ ”ლევანს უბოძა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, კოლექცია hd-14680. ალექსიძე, ბურჯანაძე, მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფისა და ტოპონიმიკისათვის, თბ. 1964 წიგნი l გვ. 160).
ზემო იმერეთიდან ზემო ქართლში გადმოსული გელაშვილები ჩანან 1668 წლის ყუზანაშვილ-გოგიბაშვილთა და 1697 წლის ბაკურაშვილ-ნარიმაშვილთა მამულის ნასყიდობის წიგნებში. ამ დოკუმენტებში გელაშვილები იხსენიებიან, როგორც მოწმები. (ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1450-6/16; ხელნაწერთა ინსტიტუტი, კოლექცია hd-10897, პირთა ანოტიპირებული ლექსიკონი, თბ.1991, ტ.l, გვ. 621).
1782 წლით დათარიღებული, აზნაურ აბაზაძის ერთ არზაში ისევ იმერელი, ნადაბურელი გელაშვილია ნახსენები: ”ქ. ღმერთმან ყოვლად მოწყალის ხელმწიფის ძის იულონის ჭირი მოსცეს მათს მონას აბაზაძეს სოლომონს დავითს.
ამასმოვახსენებთ: ერთი ჩვენი ყმა ლომიძე დამეთხოვა, იმერეთის მოყვარესთან ხეფინის ხევს გავიდა და დაიკარგა, ყიზლარს გავიდა და იქ თქვენი ჭირის სანაცვლო შეიქმნა. ამისი ცოლშვილი იქ ნადაბურას გელაშვილს ხელოსანს მამუკელას ყავს.
ერთი ოქმის წყალობა გვიყავით, რომ ჩვენს ქვრივი და ობოლი მოგვცენ (ხელნაწერთა ინსტიტუტი. კოლექცია hd-9509, ი. დოლიძე, ქართული სამართლი ძეგლები, თბ. 1981, ტომი 7, გვ. 570-571).
ბასილაშვილთა და გელაშვილთა შორის დავას ეხება ამავე 1782 წლის განჩინება: “ბასილაშვილმა დათუნაშვილმა და იასემ უჩივლა გელაშვილს დემეტრეს და ელიზბარაშვილს ჩემი სახნავი მიწა უჭირავსო, არ მანებებსო, ორთელის ბოლოსო.
ჩვენ ესენი ვალაპარაკეთ ოლაშვილს ოთარ იაკობ ელისაშვილს, ტერიაშვილს ნასყიდას ღმერთ წინაშე ვკითხეთ რომე: ეს მამული ბასილაშვილისა გაგიგონიათ, რომე აღათანგის ნაქონი მამულობით გაგიგონიათ თუ არა, ღმერთს წინაშე მითხარით.
ამ სამმა მოხუცებულთ კაცი ფიცით ასე თქვეს, რომ ჩვენ არც გაგვიგონიაო, არც ვიცით, რომ აღათანგის შვილს ნაქონი მამული გელაშვილს დემეტრეს და ელიზბარს ეჭიროს. ამ გელაშვილის მამას და ამათ სულ ხელთ ეჭირათ, არავინ შესცილებია, ჩვენ ამათის მიწის მემიჯნეები ვართ, თორემ ამ ბასილაშვილის დათუნას მამა რატომ არ ერიდებაო.
დღეს სამართლით დარჩა გელაშვილს. ორთელის ბოლოს, რაც სახნავს ბასილაშვილი დათუნა და იესე ედაებოდა, რაცა არა საქმე აქვს. აგვისტო 24. ქორონიკოს უო. მონა ღვთიასა მდივანი ოტია”. (ხელნაწერთა ინსტიტუტი, კოლექცია qd-2628. ი.დოლიძე.ქართული სამართლის ძეგლები, თბ.1974, ტ. 5, გვ. 187).
17-18 საუკუნეთა საბუთებში, იმერეთის საბუთებში, იმერეთის სამეფოში გელაშვილები ჩანან: თავად აბაშიძეთა, თავად წერეთელთა და თავად ერისთავთ ყმა-გლეხებად (ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. l, გვ. 80.159: ტ. 2, გვ. 90).
1890 წლის სოფელ ციცქს მცხოვრები ცუცქირიძეების ერთ პირoბის წიგნს ამოწმებს, ჩხარულის საზოგადოების “სუდია” სოსოია გელაშვილი (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ახალი ისტორიის განყოფილების ხელნაწერთა ფონდი. მასალები საქართველოს სოციალურ-ეკონომიური ისტორიისათვის, თბ. 1989. გვ. 62)
იმერეთიდან ზემო ქართლში და თორში გადმოსახლებული გელაშვილების ნაწილი სხვადასხვა დროს სამცხეში შესახლდნენ. იმერეთიდან გელაშვილები ქვემო ქართლში, შიგნით კახეთში და ქიზიყში გადასულან. ქიზიყიდან გელაშვილთა ნაწილი ალაზანს გაღმა, ჰერეთ-საინგილოშიც გადასულან. მოხევე გელაშვილები შიდა ქართლის და ჩრდილო კავკასიის ველებზე არიან ჩასახლებული. ფშაველი გელაშვილები ერწო-თიანეთში და კახეთში ცხოვრობენ. გელაშვილები არიან ოდიშ-სამურზაყანოშიც , გურიაშიც და ჯავახეთშიც.
ღმერთისა და საქართველოს ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის, გელაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ: ცალკერძ იერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე, ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, თავად წერეთლთა, ამილახვართა და ბაგრატიონ მუხრან-ბატონთა დროშებს ქვეშ.
ამჟამად გელაშვილები ცხოვრობენ: ხარაგაულის (დაახ. 80 კომლი), ზესტაფონის (დაახ. 130 კომლი), ჭიათურის (დაახ. 120 კომლი), ახალციხის (დაახ. 180 კომლი), ადიგენის (დაახ.30 კომლი), ბორჯომის (დაახ. 520 კომლი), ხაშურის (დაახ. 850 კომლი), ქარელის (დაახ. 160. კომლი), ყაზბეგის (20 კომლი), გარდაბნის (დაახ. 100 კომლი), ყვარლის (დაახ. 50 კომლი), ლაგოდეხის (დაახ. 240 კომლი) და სხვა რაიონებში.
თბილისში გელაშვილთა დაახლოებით 950 კომლი ცხოვრობს. ისისნი სხავადასხვა დროს თითქმის მთელი საქართველოდან არიან ჩამოსახლებულნი.
საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა აღნიშნულისა (საინგილო, ჩრდილო კავკასია), გელაშვილები არიან მესხეთიდან გადასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა თავმოყრის ადგილებშიც.
გელაშვილები ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვანი (რიგით მესამე) გვარია საქართველოში.
1995 წლის თებერვლის მონაცემებით საქაეთველოს ტერიტორიაზე გელაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 18000 სულს აჭარბებს.
ღმერთა ამრავლოს გვარი გელაშვილთა.
ალექსანდრე ნაზღაიძე
“ახალი საქართველო”
28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი, 1999 წელი.
No comments:
Post a Comment